კონფერენცია

პრეზენტაცია

სამოდელო გაკვეთილის თემა:   ნიკო ფიროსმანაშვილის   ცხოვრებისა  და    შემოქმედების სიღრმისეული გაგება-გააზრება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით  სახვით  და გამოყენებითი ხელოვნების  გაკვეთილზე მეოთხე კლასში.“
„საქართველოს პოეტებო, ადიდეთ ფიროსმანი,
საქართველოს მხატვრებო, ადიდეთ ფიროსმანი,
ქართველო ხალხო, ადიდეთ  ფიროსმანი,
 თქვენ ამით ადიდებთ თვით ლამაზ საქართველოს.“

  საგანი:  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მეოთხე კლასი.

        გვჯერა რომ, სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. მასწავლებელს მართებს ფიქრი - აძლევს თუ არა მისი გაკვეთილი მოსწავლეს დამოუკიდებელი აზროვნების , ინიციატივის გამოვლენის საშუალებას.  უყალიბდება თუ არა გაკვეთილზე მოსწავლეს მრწამსი,  მოქალაქეობრივი პოზიცია. საკუთარი დამოკიდებულება შესწავლილი საკითხების და საერთოდ სინამდვილის მიმართ.
        დღესდღეობით სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის წიგნი უპირველესია, კომპიუტერი კი აუცილებელი რესურსია. წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, რამეთუ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე აგრეთვე  უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივ და უაღრესად საინტერესო მასალას მოუყაროს თავი.
       ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ  მობილური ტელეფონით,  ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ვახდენთ ინფორმაციის სხვებთან გაცვლას და გაზიარებას. ჩვენი ყოველდღიური  თუ პროფესიული საქმიანობა სულ  უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის ცოდნასა და სისტემატიურ გამოყენებას,  ციფრულ-ტექნოლოგიურ განათლებას.
          ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოს და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში.
          ისტ-ის  გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობას და  ინოვაციური  მიდგომების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად. ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს სწავლისას მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას. გარდა ამისა, რომ ისტ-ის საშუალებით უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება შეიძლება, ასევე შესაძლებელია სასწავლო შინაარსი  ინტერაქტიული გავხადოთ.  თუ დავუკვირდებით დღევანდელ რეალობას, დავინახავთ რომ,  კომპიუტერის გარეშე რაიმე საქმის წარმოება თუ ორგანიზაციის არსებობა აბსოლუტურად შეუძლებელია.  კომპიუტერი ინოვაცია გახდა საგანმანათლებლო  სფეროში. სხვაგან სად უნდა იყოს სიახლის აუცილებლობა, თუ არა სკოლაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ვითარდება,  ყალიბდება პიროვნება, ადამიანი. მართალია, საგანმანათლებლო გამოცდილების ფურცლებზე აუცილებელია წარსული მიღწევების ამოკითხვა, მაგრამ ასევე აუცილებელია ამ ფურცლებს ეფექტური და მნიშვნელოვანი სიახლე შეემატოს.  ჩვენი თემის შინაარსიცა და მიზანიც სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვასა და განხორციელებაზე საუბარი გახლავთ.
 მეთოდები:
                  ხელოვნება ადამიანთა სულის გასაღებს  ატარებს და შემდეგ მიუძღვის გულის სიღრმისაკენ, რათა გაამდიდროს და  ფანტაზიით აღავსოს მოსწავლეთა თვალსაწიერი,  დაარწმუნოს სიკეთისა და სიყვარულის ჭეშმარიტებაში. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ მოსწავლეების  შემოქმედებითი აზროვნების პროცესზე და არა მხოლოდ მის შედეგებზე. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა  სასწავლო პროცესში. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლეთა განვითარების  ტემპები განსხვავებულია, განსხვავებულია მათი ინტელექტის დონეებიც. ვითვალისწინებთ რა, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის შექმნის აუცილებლობას და მოსწავლეთა იმ დიდ ინტერესს, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობით, ვცდილობთ ეს ინტერესი გამოვიყენოთ საგაკვეთილო პროცესში მიზნობრივად, რის  საფუძველზეც  მოსწავლეებთან   ერთად დავგეგმე  სამოდელო გაკვეთილი მოცემულ თემაზე. ამჯერად მხოლოდ ერთი გაკვეთილით შემოვიფარგლებით, რათა გაგიზიაროთ ხელოვნების გაკვეთილზე ისტ-ის გამოყენების მოკრძალებული გამოცდილება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით ხარისხიანი,  ეფექტური გაკვეთილის ჩატარება ითხოვს  ისტ-ის  ეფექტურ გამოყენებას, მრავალფეროვან დავალებებს,  ჯგუფურ და წყვილურ სამუშაოებს, რაც თავის  მხრივ ზრდის მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას.       
გაკვეთილზე “გავაცოცხლეთ“ ხელოვანის ნახატების პერსონაჟები, ძველი თბილისის ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, ჩაცმულობა, საუბარი,  ინტერესთა სფერო,  რამაც  დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში და მას შემდეგ ინოვაციათა ძიებით ვცდილობთ მოსწავლეთა ინტერესი გავაძლიეროთ. დავანახოთ  თავიანთი გონებისა და აზროვნების ფართო  შესაძლებლობები, უსაზღვროა  მოსწავლეთა მონდომება და მაღალია ჩართულობა ყველა იმ გაკვეთილზე,  რომელზეც მათ თავისუფალი შემოქმედებითი უნარის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ. ამ  დროს ოსტატურად შევაპარებთ იმ სირთულეებს,  რომელთა დაძლევა სხვა შემთხვევაში არ სურთ, რადგან ფიქრობენ,  რომ ამას ისინი ვერ შეძლებენ. შევეცადეთ თვალის ერთი გადავლებით  აღვიქვათ-გავიხსენოთ ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, დავდგეთ მისი ტილოების წინაშე და გავიზიაროთ მხატვრის სიხარულიცა და სევდაც.
ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისა და ცხოვრების გაცნობის მიზნით ჩავატარეთ შემოქმედებითი გაკვეთილი.
1.      კლასი დავყავი  ჯგუფებად,  თითოეული ჯგუფი დავაკომპლექტე  სხვადასხვა შესაძლებლობების და უნარების მქონე მოსწავლეებით, რათა მაქსიმალური ჩართულობა შეძლებოდა ყველა  ბავშვს.
2.      ჯგუფებს  თეატრალური ეტიუდი უნდა მოემზადებინათ ისტ-ის გამოყენებით,  მოეძიათ ინტერნეტში ფიროსმანის ნახატები მითითებული სათაურით, საკუთარი ინტერპრეტაციით გაეკეთებინათ მოცემული ფრაზების  იმიტაცია.
3.      მელოდიის შესაბამისობა  თეატრალურ ეტიუდთან.
4.      თეატრალური ეტიუდის რეგლამენტი-5წუთი. უნდა გადმოეცათ  სათქმელი, ჩაეხედათ სულის სარკეში  სიტყვით, ჟესტით, ილუსტრაციით, მელოდიით, რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტის  განვითარებას.
5.       პრეზენტაციასთან ერთად დანართის სახით ევალებოდათ გადმოეცათ ერთგვარი ანგარიში: ვინ რა საქმე შეასრულა, როგორ გაინაწილეს და გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.
6.      მოსწავლეებს თავად უნდა შეეფასებინათ ჯგუფის პრეზენტაცია--თეატრალური ეტიუდი,  მოწოდებული რუბრიკის მიხედვით:
რ  უ  ბ  რ  ი  კ  ა
კრიტერიუმები
წარმატებით
კარგად
საშუალოდ
სუსტად
გამართული და სწორი მეტყველება




სათქმელის ნათლად, მხატვრულად და ლოგიკურად გადმოცემა




  ფანტაზიისა და ინტერპრეტაციისა უნარი




თეატრალური ეტიუდის დადგმა




კონტაქტი აუდიტორიასთან,  უკუკავშირი




პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება და შეფასება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია თანამედროვე სკოლაში. ნებისმიერი პრეზენტაციის მთავარი მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა. მოსწავლეები გაცილებით უკეთ აღიქვამენ და  სწავლობენ მაშინ, როცა ინფორმაცია ვიზუალურად არის გაფორმებული, ხოლო ტექსტისა და ილუსტრაციის შერწყმა ყურადღების კონცენტრირებისა და შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება.
 პროცესის აღწერა:  „პირველი ჯგუფი“
ნიკო ფიროსმანის  ნახატი  „მეეზოვე“.  მოიძიეს ნახატის შესაბამისი სიუჟეტური სცენა ინტერნეტიდან: გამოჩნდება ნიკალა მოლბერტით ხელში, მეორე ხელში გრაგნილი აქვს, გაშლის და ვითომ ხატავს.  „მუზა“ საუბარს იწყებს: „მოსტაცებდა თვალს ნიკალას თბილისის მთვარიანი ღამე. ის კი ხატავდა, ხატავდა  და   ტკბილ ფიქრთა ტყვეობაში    იყო. ასე დაათენდებოდა თავზე.“ დილით სამუშაოზე გამოსული მეეზოვის ხმაური გამოაფხიზლებდა ნიკალას და ჩაესმოდა მეეზოვის ხმა: --გათენდა კაცო, წადი დაიძინე, სახლში ვერ წახვალ კაცო? ნიკალას წასასვლელი არსად ჰქონდა...მეეზოვემ შესთავაზა:--თუ   არ გეწყინება ჩემთან წამოდი, კიბის ქვეშ ერთი პატარა ოთახი მაქვს, იცხოვრე რამდენიც გინდა... ნიკალამ მადლიერების ნიშნად დახატა მეეზოვე  და ამით უკვდავყო კიდეც მისი სახე. ნიკალას „მეეზოვე“ შედევრად იქნა აღიარებული და მას თბილისში ძეგლიც კი დაუდგეს.  მოსწავლეთა მიერ შესრულდა ნახატი იმიტაციით, მუსიკალური მელოდიის თანხლებით  თეატრალური ეტიუდი დაიდგა.
„მეორე ჯგუფი“:
ნახატი „უშვილო მილიონერი და შვილებიანი ღარიბი ქალი.“ სევდის დაღი აჩნია დასახელებულ  ნახატს. მდიდარი ქალი საუბრობს: მიუხედავად ჩემი ტანსაცმლისა და მდიდრული სამკაულებისა, ჩემზე მდიდარი ეს ღარიბი ქალია, მისი სიმდიდრე შვილებია. ამქვეყნიური სიკეთე არა ოქროსა და ვერცხლშია, არამედ შვილებშია, ოჯახის სიმტკიცესა და სიმშვიდეშია.  ღარიბი ქალის სახესაც სევდის კვალი აჩნია, რადგან უხდება არსებობისათვის  ბრძოლა, მძიმე შრომა, რათა გამოკვებოს შვილები.... ნიკალა ხატავდა მდიდრებსა და ღარიბებს, ხელოსნებსა და გლეხებს,ორთაჭალელ ტურფებსა და კინტოებს. დროთა განმავლობაში კი კედლებზე, მუშამბასა თუ ტილოებზე იქნებოდა მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები. ჩანახატის შექმნა მოსწავლეთა ფანტაზიით.
„მესამე ჯგუფი“:
ნახატი „გოგონა ბუშტით“. იმართება დიალოგი: --აი, როგორი ლამაზი დამხატა ძია ნიკალამ, საჰაერო ბუშტითა და პეპლსაჭერი ბადით. პეპლებიც როგორი ლამაზები არიან ჩემს გარშემო--მოფარფატე და მოცეკვავე.
პეპლების სცენა:--„განა მარტო პეპლებს  შთაგვბერა სული და აგვამეტყველა დიდმა ფიროსმანმა. მან დახატა ჟირაფი, ირემი, მთვარის შუქზე ბეწვაციმციმებული დათვიცა და მრავალი სხვა ცხოველი თუ ფრინველი. ის ისე ხატავდა ცხოველებსა და ფრინველებს, როგორც       გულის მეგობრებს.“---ამით ხომ ძალიან ჰგავს იგი ვაჟა-ფშაველას. ორივე შემოქმედს ფესვები შიგ ხალხის გულში აქვთ გადგმული. უყვართ ბუნება. ნიკალას შველს რომ შეხედავთ, გაგახსენდებათ ვაჟას შვლის ნუკრი-- უძირო, დამწუხრებული, სევდიანი თვალებით. მხატვრულად გაფორმებული თეატრალური  ეტიუდის დადგმა საკუთარი ინტერპრეტაციით.
„მეოთხე ჯგუფი“:
ნახატი „აქტრისა მარგარიტა“. სიყვარულის კუპიდონმა ჰკრა თავისი სიყვარულით სავსე ისარი მხატვარს და მასაც ძლიერად, მთელი არსებით შეუყვარდა აქტრისა მარგარიტა--ფრანგი მსახიობი ქალი. ნიკალას ოცნება:-- „მე შენ მოგიძღვნი  მილიონ წითელ ვარდს, ფიანდაზად დაგიფენ და ეს იქნება ჩემი შენდამი სიყვარულის სიმბოლო.“
ფიროსმანმა მართლაც დაუფინა ფიანდაზად მარგარიტას მილიონი წითელი ვარდი და ამასთან საჩუქრად მიართვა მისივე ხელით დახატული აქტრისას პორტრეტი, რომელშიც  უკვდავყო  როგორც მარგარიტას სახე, ასევე თავისი უიღბლო სიყვარული. მარგარიტამ ვერ დააფასა ნიკალას მისადმი სიყვარული. წავიდა და თან გაიყოლა ნიკალას ცრემლი, სევდა და განუზომელი სიყვარული. ლექსის მხატვრულად წაკითხვა.
„მეხუთე ჯგუფი“:
ნახატი „თამარი.“ „რუსთაველი“.
მიკიტანი ბექოსა და ნიკალას გასაუბრება: „--დიდი თამარი და რუსთაველი სალოცავ ხატად მყვანან, მადლიერი დაგრჩები, თუ სამიკიტნოს მათი სურათებით დამიმშვენებ.“
ნიკალა---„თამარსა და რუსთაველს ერთად დავხატავ, რამეთუ თამარი საქართველოს დედაა, რუსთაველი კი საქართველოს დიდება.“  თამარის დალოცვა:-- „ღმერთო,როგორ აშენებულა და დამშვენებულა საქართველო. დაილოცოს საქართველო და მისი მომავალი.“
„ ასე გლოცავთ ჩემი გული, თქვენი გული ენდოს, მამის, ძის და სულიწმინდის მადლი დაგებედოთ.“
„რუსთაველის“ ლოცვა:--„როგორ წარმოვიდგენდი, თუ საქართველოს მომავალი ასეთი ნათელი იქნებოდა. შრომობენ, სწავლობენ, აშენებენ და ზრდიან ღირსეულ მამულიშვილებს. აკურთხე უფალო სამშობლო ჩვენი და დალოცე შვილნი შენი.“მხატვრულად გაფორმებული თეატრალური ეტიუდი მელოდიის თანხლებით.
შედეგი:
ჯგუფური მუშაობა ზრდის   მოსწავლეთა ინიციატივას და დამოუკიდებლობის ხარისხს, თანამშრომლობასა და აზრთა გაზიარებას ჯგუფებს შორის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებლად სწავლის უნარის მქონე ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სასწავლო რესურსების: სახელმძღვანელოს, კომპიუტერის, ინტერნეტის და სწავლების ასეთი მეთოდების, მიდგომების გამოყენება მოსწავლეებში ავითარებს მონაცემთა შეგროვების უნარს, მონაცემთა შემოქმედებითად წარმოდგენის უნარს. როცა გვჭირდება იმის გარკვევა, თუ რა შედეგი  მივიღეთ გაკვეთილზე ამ მეთოდის გამოყენებისას, უნდა შევაფასოთ ეს  მეთოდი. ამ დროს ვიყენებთ ჩვენს, მასწავლებლის  თვითშეფასების   რუბრიკას შემდეგი კრიტერიუმებით: ა) რამდენად ეფექტიანად იყო გამოყენებული ისტ-ი მოსწავლეების მიერ. ბ) რამდენად  მივაღწიე დასახულ მიზანს. გ) რამდენად ორგანიზებულად გამოვიყენე ისტ-ი გაკვეთილზე.დ) რამდენად საინტერესო და სახალისო იყო ამ მეთოდის  გამოყენება სასწავლო პროცესში. რუბრიკის მიხედვით მეთოდის შეფასება მიჩვენებს, რომ მოსწავლეებმა ისტ-ი ეფექტიანად გამოიყენეს, მოიძიეს ინტერნეტში მასალა. ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო-სიღრმისეულად გაეგოთ  ყველა ინფორმაცია ხელოვანის შესახებ, გამოევლინათ აზროვნებისა და მსჯელობის უნარი, საკუთარი აზრის ნათლად, მხატვრულად, ლოგიკურად გადმოცემის უნარი. გამოუმუშავდეთ კვლევა-ძიების და ჯგუფში მუშაობის ჩვევა, განევითარებინათ საპრეზენტაციო უნარი.
დასახელებული უნარები მოსწავლეთა აქტივობისა და დამოუკიდებლობის ზრდის კარგი საშუალებაა. ამ საშუალებისა და მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების წყალობით  შედეგი ეფექტური მივიღეთ. აღნიშნული მიზნების მიღწევაში უდიდესი სიამოვნება მიიღეს ბავშვებმა და რა თქმა უნდა პირადად ჩვენ, მასწავლებლებმაც.
დასკვნა:
ვიცით, რომ მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როცა იგი აქტიურია და ქმედითია, და არა მაშინ, როდესაც მხოლოდ აქტიურ და ქმედით მასწავლებელს უყურებს. ასეთი მუშაობით შესაძლებელი იქნება კლასის ყველა მოსწავლე  ჩაერთოს მუშაობაში, შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება და გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობა.მოსწავლეთა შემოქმედებითმა ინიციატივამ სრულად გამოკვეთეს ხელოვანის პიროვნული განცდები. მოსწავლეებმა შეძლეს გამოეკვლიათ რიგი საკითხები, ემსჯელათ და გამოეტანათ დასკვნები. საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ ზეპირად, შემოქმედებითად, მხატვრულად, მუსიკის თანხლებით.
მაშ, მიზანი მიღწეულია, დარწმუნებული ვართ, ბავშვებს არ დაავიწყდებათ ეს მასალა. მარად იცოცხლებს ქართველი ბავშვის ხსოვნაში ნიკო ფიროსმანი, მის უკვდავ სახელთან ერთად, რადგან ნიკალამ სამუდამო განსასვენებელი ქართველი კაცის გულში ჰპოვა. დღეს მისი ტილოები მილიონები ღირს, თუმცა მათ ავტორს მთელი ცხოვრება უჭირდა. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ფიროსმანი ნამდვილად საქართველო, მისი წარსული, ნიჭი და ტალანტია.  „მე სიყვარულის ისარი ვტყორცნე არა მარტო საქართველოს, არამედ  ბევრ სხვა ქვეყანასაც და შევაყვარე ნიკალა, რადგან ის ამის ღირსი იყო.   მას ხომ უზომოდ უყვარდა საქართველო. ღმერთმა გვიმრავლოს სამშობლოს მოყვარული, ღირსეული, ნიჭიერი მამულიშვილები.
დამეთანხმებით, ღირს საგანმანათლებლო   გამოცდილების ფურცელთა ნუსხას ეს ინოვაციური მეთოდები შევმატოთ, რათა გაგვიადვილდეს სტრუქტურირებული, საქმიანი გაკვეთილის დაგეგმვა, აკადემიური პროგრესი, სწავლისა და სწავლების მრავალფეროვნება და შემოქმედებითობა.
პატივისცემით ქობულეთის რაიონის ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყებითი   კლასის მასწავლებელი: დალი თურმანიძე

გამოყენებითი ლიტერატურა:
1.“სწავლება და შეფასება“. 
2. ისტ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
3. მეოთხე კლასის  სახელმძღვანელო „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“. სტანდარტი  ე.ს.გ.
4. „განათლების ფონდის“ მიერ ჩატარებულ  ტრენინგზე  მოწოდებული მასალები.
5. მეთოდური სახელმძღვანელო -„ ინფორმაციურ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“.
6. საკუთარი მოსაზრებები. 

გაკვეთილის ფოტო მასალა




ანიმაციით



    საგანი----სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება   
                           მასწავლებელი:  დ.თურმანიძე



გაკვეთილის
მთავარი თემა

ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების სიღრმისეული გაგება-გააზრება ი.ს.ტ. გამოყენებით მეოთხე კლასში
      
სწავლების საფეხური
 მეოთხე  კლასი
მოსწავლეთა
პროფილი
20  მოსწავლე
 კლასში განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან


გაკვეთილის მნიშვნელობა/
აქტუალობა
     მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი მასალა გამოიყენონ პრაქტიკულ საქმიანობაში.
    გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს  ხელოვნებასა და ისტ-ში მიღებული ცოდნის ინტეგრირებაში, სოციალური უნარების განვითარებაში.



გაკვეთილის მიზნები და შედეგები


1. განუვითაროთ ხელოვნების ნიმუშებზე დაკვირვების უნარი, ინტერპრეტაციის უნარი.
2.  განუვითაროთ კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა, დასკვნის გამოტანის უნარი.
3.  გამოვუმუშაოთ კვლევა-ძიებისა და ჯგუფში მუშაობის ჩვევა.
4.  საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5.   მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.



წინასწარი ცოდნა

იცნობენ  ქართველ  მხატვრებს,   კითხულობენ  და მოიძევენ ინფორმაციას მათი შემოქმედების შესახებ, საძიებო ველის გამოყენების ტექნიკას ფლობენ.


შეფასების საგანი და პროცედურები

შეფასების  რუბრიკით, ზეპირი განმავითარებელი, ინდივიდუალური.

ფასდება  წინასწარ  შედგენილი ცხრილის მიხედვით: გამართული და სწორი მეტყველება,  სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა,  მსჯელობა,  მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერპრეტაცია,  ფანტაზიის უნარის გამოვლენა,  თეატრალური  ეტიუდის დადგმა.   თანამშრომლობის უნარ-ჩვევა,

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო, დაფა,  ცარცი,  ბუკი,  ინტერნეტი
 კომპიუტერული პროგრამა, მარკერი,  ფლიფჩარტი,  თაბახის  ფურცლები, კომპიუტერი,  პროექტორი.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

                        აქტივობები:
   საორგანიზაციო საკითხები:  2 წუთი (განეწყონ გაკვეთილისათვის,  გავაცნობ-- რას  გააკეთებენ  დღეს  გაკვეთილზე).
      გაკვეთილის    A  ფაზა:  გამოწვევა---აქტივობა 1. (10 წუთი )
„საქართველოს პოეტებო, ადიდეთ ფიროსმანი,
საქართველოს მხატვრებო,  ადიდეთ ფიროსმანი,
ქართველო ხალხო,  ადიდეთ  ფიროსმანი,
თქვენ ამით ადიდებთ  თვით  ლამაზ  საქართველოს.“
  “ გონებრივი იერიში“--სამოტივაციო კითხვების დასმა:
    1).  ვინ არის ქართველი თვითნასწავლი მხატვარი?  ნიკო ფიროსმანაშვილი.
    2). რომელი კუთხის შვილი იყო ფიროსმანი? კახეთი,  სოფელი მირზაანი.
    3).  რა ინფორმაცია გაქვთ მისი ცხოვრების შესახებ? მძიმე ცხოვრება ჰქონდა. სადაც დაუღამდებოდა, იქვე იძინებდა. ნახატების სანაცვლოდ პურსა და ღვინოს ღებულობდა, ფულს არ იღებდა, რასაც გაიმეტებთ, ის მომეცითო.
     4). თუ იცით, ვინ იყო მისი უსაყვარლესი ქართველი პოეტი? თვითგანათლების უნარით დაჯილდოებული მხატვარი ბუნებასთან მეგობრობდა, ამიტომ მისი უსაყვარლესი    პოეტი ვაჟა იყო.
    5). ვინ მიუძღვნა ლექსი „არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“ ფიროსმანს? ლადო ასათიანმა.   --ვინ  წაიკითხავს  ლექსს?
      აქტივობა 2.
      ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.
                                                                               
გაკვეთილის  B  ფაზა  ----ცოდნის  კონსტრუირება-(15წუთი).
აქტივობა 3. ი.ს. ტ. გამოყენებით მოძიებული მასალის წარდგენა აუდიტორიის წინაშე--როგორ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიკალა? მოკლე მიმოხილვა ცხოვრების ეპიზოდების.
    ---„მოსტაცებდა თვალს ნიკალას თბილისის მთვარიანი ღამე. ის კი ხატავდა და ტკბილ ფიქრთა ტყვეობაში იყო. ასე დაათენდებოდა თავზე. დილით მეეზოვის ხმაური გამოაფხიზლებდა  ნიკალას. მეეზოვეს შეებრალა  და ღამის გასათევი  ერთი პატარა ოთახი შესთავაზა მხატვარს. მადლიერების ნიშნად მან მეეზოვე დახატა.  ასე შეიქმნა მეეზოვის სახე, ნიკალას „მეეზოვე“ შედევრად იქნა აღიარებული  და მას თბილისში ძეგლიც კი დაუდგეს.“
  ---„ამქვეყნიური სიმდიდრე არ ოქროსა და ვერცხლშია, არამედ შვილებში,ოჯახის სიმტკიცესა და სიმშვიდეში.  ღარიბი ქალის სიმდიდრე მისი შვილებია. მაგრამ მიუხედავად ამ სიმდიდრისა, მაინც სევდის კვალი აჩნია მის სახეს, უხდება არსებობისათვის ბრძოლა...ასე შეიქმნა მისი შედევრი, რომელშიც თავის ოჯახს გულისხმობდა:“უშვილო მილიონერი და შვილებიანი ღარიბი ქალი“.
   ---„მხატვარი ეთაყვანებოდა ბუნებას. განა მარტო პეპლებს შთაბერა სული და აამეტყველა დიდმა ფიროსმანმა...მან დახატა ჟირაფი, ირემი, მთვარის შუქზე ბეწვაციმციმებული დათვიცა და მრავალი სხვა ცხოველი თუ ფრინველი.. ის ხატავდა ცხოველებსა და ფრინველებს, როგორც გულის მეგობრებს...ამით ხომ ძალიან ჰგავდა  ვაჟა-ფშაველას. ორივე შემოქმედს ფესვები შიგ ხალხის გულში ჰქონდა გადგმული.  უყვართ ბუნება, ნიკალას შველს რომ შეხედავთ,  გაგახსენდებათ ვაჟას შვლის ნუკრი--უძირო, დამწუხრებული, სევდიანი თვალებით.
         “დგას ფიროსმანი, ხატავს და ხატავს, 
           დამწუხრებული ირმების მორევს.
           ვაჟა-ფშაველა უქებს ხელობას,
           ჯიხვის შაირით შეცვლის მეორეს.“
  
აქტივობა 4. ჯგუფური მუშაობა--„გააცოცხლონ“ ფიროსმანის ნახატები თავიანთ წარმოსახვაში.    ჯგუფებს ავირჩევ გათვლის  წესით: გაითვლიან  I-IV  და დაწყვილდებიან  I- ბი .  II--ბი,    III-ბი,      IV-ბი.
  I   ჯგუფი---ფიროსმანის ნახატი  „მეეზოვე“. სიუჟეტური სცენის იმიტაცია მხატვრული გაფორმებით, ნახატის შესრულება მიმსგავსებით.
  II ჯგუფი---ნახატი „უშვილო მილიონერი და შვილებიანი ღარიბი ქალი“. იმიტაცია მხატვრული გაფორმებით, ნახატის შესრულება.
   III  ჯგუფი---ნახატი „გოგონა ბუშტით“. მხატვრული სცენა, ნახატის შესრულება, ანიმალისტური ჟანრი.
    IV  ჯგუფი--- ნახატი „ აქტრისა მარგარიტა“. სიყვარულის სცენის იმიტაცია, მხატვრული გაფორმება.
    V    ჯგუფი---ნახატი „თამარ მეფე“,  „რუსთაველი“. მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, დალოცვა, ნახატის შექმნა.
       აქტივობა 5. პრეზენტაცია  საკუთარი ფანტაზიით. პრეზენტატორი წარმოადგენს თავისი ჯგუფის   ნააზრევს.
   საპრეზენტაციო უნარების  შეფასების რუბრიკა: კრიტერიუმები--
1). გამართული და სწორი მეტყველება. 2). სათქმელის ნათლად და ლოგიკურად, მხატვრულად გადმოცემა.  3). მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერპრეტაცია, ჟესტიკულაცია. 4). ფანტაზიის უნარის გამოვლენა.
      
      გაკვეთილის   C   ფაზა:  რეფლექსია
    აქტივობა  6.  ურთიერთშეფასება და შეჯამება---რა იყო საინტერესო? მივაღწიე დასახულ მიზანს?  
   ილუსტრაციებმა, ნახატებმა სრულად გამოკვეთეს თვითნასწავლი ხელოვანის პიროვნული განცდები.  შეძლეს კრიტიკულად მიდგომოდნენ რიგ საკითხებს,   ემსჯელათ და გამოეტანათ დასკვნები. საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ შემოქმედებითად, ილუსტრაციებითა და ნახატით.
     აქტივობა  7. განმავითარებელი კომენტარი, გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტატორი.
        მასწავლებლის თვითშეფასება: 1). რამდენად ეფექტიანად იყო გამოყენებული რესურსი. 2). რამდენად მივაღწიე დასახულ მიზანს.
3). რამდენად საინტერესო და სახალისო იყო ამ მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესში. 
      მიზანი  მიღწეულია, მარად იცოცხლებს ყველა ქართველის ხსოვნაში ნიკალა, მის უკვდავ სახელთან ერთად. რადგან მან სამუდამო განსასვენებელი ქართველი კაცის გულში ჰპოვა. დღეს მისი ტილოები მილიონები ღირს, თუმცა მათ ავტორს მთელი ცხოვრება უჭირდა.
   „ ფიროსმანი ნამდვილად საქართველოა, მისი წარსული, ნიჭი და ტალანტია.“
 მოსწავლეთა ორგანიზება( წყვილებში, ინდივიდუალური, ჯგუფური)






















Комментариев нет:

Отправить комментарий